წიგნთაგან დატოვილი შთაბეჭდილებები

კაფკა პლაჟზე

images

“ყველა რაღაც ძვირფასს ვკარგავთ,შესაძლებლობებს,გრძნობებს.აი,რას ნიშნავს სიცოცხლე.მაგრამ თავში პატარა ოთახი გვაქვს,სადაც მოგონებებს ვინახავთ.ოთახი,რომელიც ბიბლიოთეკის წიგნსაცავს ჰგავს.ჩვენი თავის შესაცნობად კი,კატალოგები უნდა შევადგინოთ.დროდადრო მოგონებებს მტვერი უნდა გადავწმინდოთ,ოთახი გავანიაოთ,ლარნაკებში კი წყალი შევცვალოთ.ჩვენ სამუდამოდ ვიცხოვრებთ საკუთარი მოგონებების ბიბლიოთეკაში…”

ახლა დავამთავრე,რამდენიმე წუთია.მთელი დრო,როცა ვკითხულობდი ვფიქრობდი რას დავწერდი ,როგორ,აზრებს ვიკრეფდი და ვაანალიზებდი.ახლა შთაბეჭდილებების,ემოციების ქვეშ ვარ და არ ვიცი ეს როგორ გადმოვცე.არ მინდა დავაკნინო ან ზედმეტად განვადიდო ეს წიგნი.მთელი ცხოვრებაა მასში,მთელი თავგადასავალი,რეალურისა და ფანტასტიკური მოვლენების შერწყმა… ჩემი მოზარდობის ფარული აზრი,გეგმა თუ ოცნება სახლიდან გაქცევა იყო,მართალია რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ მქონდა ამის,მაგრამ მინდოდა და ვერ ავისრულე(ალბათ კარგიცაა) ამიტომ დიდი ინტერესით და ენთუზიაზმით გავყევი კაფკას,ვიყავი მისი და ნაკატას თანამგზავრი,ერთმა იცის რაც ელის,იცის მისი წყევლა,ალბათ შინაგანად ისიც იცის,რომ ვერ გაექცევა,მაგრამ გაურბის,არ ემორჩილება და ცდილობს ყველაფრის საწინააღმდეგოდ იაროს.მეორემ კი არაფერი იცის,არ იცის რა უნდა რას გააკეთებს რა მოხდება მაგრამ ფლობს და მართავს სიტუაციას,თავისი ძალით…

ვიდრე ვკითხულობდი,ვუსმინე წიგნის მთარგმნელის,თამარ სუბელიანის წიგნის პრეზენტაციას,სადაც ამბობს,მურაკამი,მისი ნაწარმოებები და გმირები ცალმხრივები არიანო.იმ მომენტში ვერ მივხვდი,ახლა მგონი ვხვდები,მურაკამიმ დაგვანახა ისინი,რეალურები,თავისი არასრულფასოვნებებითა და ტრაგედიებით,სურვილებით,ოცნებებით,თუმცა არც ერთი მათგანი არ დაუსრულებია,არც ერთის ბედი არ განუსაზღვრავს,ჩვენ მოგვანდო . ერთ მომენტში ლაპარაკი იყო პასუხისმგებლობებზე,რომელიც ადამიანებს გვაკისრია და რომ მათი აღება თავისუფლებას გვათმობინებს. ეს წიგნი ყველაფერზეა,დღევანდელობაზე,იაპონიაზე,ომზე,ადამიანების ურთიერთობებზე,ბედზე,უბედობაზე,სიცარიელეზე,რომელსაც ყველა მეტ-ნაკლებად განიცდის.“ყველაფერი მოძრავია. დედამიწა, დრო, ცნებები, სიყვარული, ცხოვრება, რწმენა, სამართალი, ბოროტება, – ეს ყველაფერი მოძრაობს და გარდაიქმნება. ისინი ერთი სახისანი არასოდეს არ არიან და არც ერთ ადგილზე ჩერდებიან მუდმივად. სამყარო ფედექსის უზარმაზარ ყუთს ჰგავს.”

რა უნდა ქნა თუკი იცი რა მოგელის.უნდა გაექცე მას თუ დაელოდო.მთავარი გმირი გარბის თავისი და სხვათა კეთილდღეობისთვის,მოვლენების განვითარებამ კი მიჩვენა,რომ 15 წლის კაფკამ ისწავლა საგნებისთვის პირდაპირ შეხედვა და მათი მიღება თვალის გასწორება მათთვის,და მგონია ამაში გამოიხატა მისი სიძლიერე.ყველას ცხოვრებაშია ასეთი წერტილი – ვეღარც უკან დაბრუნდები, ვერც წინ წახვალ. როცა ამ წერტილში აღმოვჩნდებით, ბედს უნდა შევეგუოთ. მხოლოდ ეს გადაგვარჩენს.

ჩემი ფავორიტი გმირი ოშინოა.ალბათ იმიტომ,რომ დავინახე რაღაცები საერთო. ოშინომ ბევრი იცის გარშემომყოფ საგნებსა და მოვლენებზე,შეუძლია ურთულეს კითხვებს უპასუხოს,მაგრამ თავის შინაგან მეზე ცოტა იცის.მომწონს რომ თავს არასოდეს ზოგავს. მეორეხარისხოვანი გმირია და მისი მთავარი ფუნქცია რომანში მოვლენების შეჯამება და დასკვნების გამოტანაა,ასე დავინახე.

უმშვენიერესი მუსიკალური გაფორმება ჰქონდა წიგნს.რაც იყო ნახსენები ყველა მუსიკას მოვუსმინე. ბეთჰოვენის ტრიოს “ერცჰერცოგი”, კოლტრეენის მუსიკას,მოცარტის სერენადას,რედიოჰედის ალბომს kid a, შუბერტის სონატას დო მაჯორში. ძალიან მრავალფეროვანი და დახვეწილი გემოვნება აქვს მურაკამის. განსაკუთრებით მადლობელი ვარ ,რომ პრინცი გამაცნო და სიმღერა little red covertte დიდი ხნით დარჩება ჩემთან.

2 thoughts on “კაფკა პლაჟზე

Leave a comment